Thursday, January 17, 2013

ფიზიკური განვითარება

ბავშვის ფიზიკური განვითარება:ბავშვი განუწყვეტლივ იზრდება და ვითარდება. სიცოცხლის ყოველ ეტაპზე ის განსაკუთრებულ მორფოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს განიცდის.ადამიანის განვითარებაში ორი უმნიშვნელოვანესი პერიოდი გამოიყოფა: მუცლადყოფნის პერიოდი, როდესაც მიმდინარეობს ორგანოების, სისტემების მორფოგენეზი, ჩამოყალიბება, ინტენსიური და დიფერენცირებული ზრდის ფონზე თავს იჩენს ფორმისა და ზომის მნიშვნელოვანი ცვლილებები; პოსტნატალური პერიოდი ანუ ბავშვობა - ზრდის პროცესები გრძელდება, სრულყოფას განიცდის ცალკეული ორგანოები და სისტემები, მათი ფუნქციები, თუმცა ეს პროცესები არათანაბრად, არაპროპორციულად მიმდინარეობს ბავშვობა, თავის მხრივ, რამდენიმე პერიოდად იყოფა. ესენია: ახალშობილობის პერიოდი - პირველი 3-4 კვირა; ჩვილობის პერიოდი - 3-4 კვირიდან 1 წლამდე; სკოლამდელი პერიოდი - 1-დან 3 წლამდე, 3-დან 6 წლამდე; უმცროსი სასკოლო პერიოდი - 6-დან 11 წლამდე; უფროსი სასკოლო პერიოდი - 12-დან 17-18 წლამდე. ბავშვობის პერიოდებად დაყოფას დიდი მნიშვნელობა ბავშვისთვის, მისი ცხოვრების ადეკვატური რეჟიმის, კვების, აღზრდის, დაავადებათა პროფილაქტიკის კუთხით. ახალშობილობის პერიოდში მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალისა და დედის, ასევე - ოჯახის დანარჩენი წევრების შეთანხმებული მოქმედება. ყურადღება უნდა მიაქციოთ დედის ლაქტაციის მდგომარეობას და ბავშვის აქტიურობას წოვისას, ძილისა და სიფხიზლის პერიოდების მონაცვლეობას, წონის მატებას, საზოგადოდ, ბავშვის აქტიურობას. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანალიზატორების ინტენსიური განვითარება, კერძოდ, მხედველობის, მოძრაობის კოორდინაციის განვითარების დასაწყისი, პირობითი რეფლექსების წარმოშობა, დედასთან ემოციური, მხედველობითი და ტაქტილური (შეხებითი) კონტაქტის არსებობა. დაახლოებით სამი კვირის ახალშობილთა უმრავლესობა იწყებს საპასუხო ურთიერთობას ღიმილითა და სიხარულის მიმიკით. ეს პირველი ემოციური, დადებითი კონტაქტი ბავშვის ფსიქოემოციური ცხოვრების დასაწყისად მიიჩნევა.  ჩვილობის პერიოდი 29-ე დღიდან წლამდე გრძელდება. ამ პერიოდის თავისებურებაც დედისა და ჩვილის ურთიერთობაა. დედა ძუძუს აწოვებს შვილს და ამით მხოლოდ საკვებს კი არ აწვდის, არამედ მათ შორის მყარდება მჭიდრო ფიზიკური, ემოციური კონტაქტი. მიმდინარეობს ჩვილის ინტენსიური ფიზიკური, ნერვულ-ფსიქიკური, მოტორული, ინტელექტუალური განვითარება.ფიზიკური განვითარების ტემპი მაქსიმალურია მე-2-დან მე-4 თვემდე. წლამდე ჩვილის სხეულის სიგრძე 50%-ით იმატებს, სხეულის მასა კი სამმაგდება. ზრდა-განვითარების ასეთ დაჩქარებულ ტემპს ნივთიერებათა ცვლის პროცესების გაძლიერებული მიმდინარეობა უზრუნველყოფს. ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნილება ამ ასაკში მოზრდილი ადამიანისას სამჯერ აღემატება. თვალში საცემია მოტორული, მოძრაობითი ფუნქციების განვითარება - სულ რამდენიმე თვეში უსუსური ახალშობილი დამოუკიდებლად მოსიარულე და მოთამაშე ადამიანად იქცევა. უფროსებთან მუდმივი სიტყვიერი კონტაქტი ახალშობილის ნერვულ-ფსიქიკური განვითარების საუკეთესო საშუალებაა. არავითარ შემთხვევაში არ მოუჩლიქოთ ენა, უკითხთ ძილის წინ ზღაპრები. წლამდე თავჩენილი პრობლემები უმთავრესად ორგანიზმის ფუნქციათა ჩამოუყალიბებლობას, მის ოპტიმალურ განვითარებასა და დაავადებებთან ბრძოლას უკავშირდება. დაავადებებთან საბრძოლველად ერთერთი საუკეთესო გზა იმუნიზაციაა, ის იცავს იმ დაავადებებისგან, რომლებიც ჩვილ ასაკში ყველაზე ხშირად გვხვდება. იმუნიზაციამ ნაყოფი რომ გამოიღოს, აუცილებელია, მივდიოთ აცრების ეროვნულ კალენდარს - ბავშვს სრულყოფილად და დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი.  საკვები ყველა მშობლის უმთავრესი ამოცანაა, აღზარდოს ჯანმრთელი, ძლიერი, ხალისიანი შვილი. სწორი კვების გარეშე კი ეს წარმოუდგენელია.როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი და განრიგი? პირველი: ადამიანი იკვებება არა იმით, რასაც ჭამს, არამედ იმით, რასაც ითვისებს მისი ორგანიზმი.საკვების გადამუშავება დიდ ენერგიას მოითხოვს, რისთვისაც ორგანიზმი მზად უნდა იყოს. სწორედ ამისთვის დააწესა ბუნებამ მზადყოფნის სიგნალი - შიმშილის გრძნობა. შიმშილის გარეშე ჭამა ორგანიზმის გადატვირთვასა და დანაგვიანებას იწვევს.შეუძლოდ მყოფ ადამიანს ჭამის სურვილი ეკარგება. ავადმყოფს საკვებს ნუ დააძალებთ - ორგანიზმი განგებ ზოგავს ძალებს სნეულებასთან საბრძოლველად. ასე რომ, სჯობს, ბავშვმა მიირთვას იმდენი, რამდენიც სურს ანუ რამდენის ათვისებასაც შეძლებს მისი ავადმყოფობით დასუსტებული ორგანიზმი. მეორე: ბავშვი უნდა მიიეჩვიოს საჭმლის კარგად დაღეჭვას და არა მთელ-მთელი ლუკმების ყლაპვას. მესამე: საკვები გემრიელი უნდა იყოს. უგემური კერძი პატარამ შესაძლოა გადმოაფურთხოს. მეოთხე: შუადღიდან საღამომდე მისაღები სურსათი სამ ულუფად უნდა გადანაწილდეს. კვებათა შორის არსებულ შუალედში კუჭმა უნდა დაისვენოს. მეხუთე: ბავშვმა უნდა ივახშმოს დაწოლამდე, სულ მცირე, ორი საათით ადრე. დაწოლისას კუჭში საკვების მონელება დამთავრებული უნდა იყოს. მეექვსე: არსებობს განსაკუთრებით მავნე სურსათი - თევზისა და ხორცის კონსერვები, ძეხვი, შებოლილი თევზი და ხორცი, მაიონეზი, ყავა, კაკაო, შავი ჩაი, კოკა კოლა, ფანტა და სხვა გაზიანი სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი. ეს პროდუქტები განსაკუთრებით საზიანოა ავადმყოფობით დასუსტებული ორგანიზმისთვის. მეშვიდე: საუკეთესო საკვებია ხილი, ცოცხალი და მოხარშული ბოსტნეული, მარცვლეული, მწვანილი, თხილი და კაკალი, პატარა ბავშვებისთვის - რძე და მისი ნაწარმი, თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ ხორცი, თევზი, ხაჭო და ყველი კონცენტრირებული ცილოვანი პროდუქტებია, რომელთა ყოველდღიური მიღება აუცილებელი არ არის, ხოლო დიდი რაოდენობით რძის ნაწარმი, განსაკუთრებით - არაჟანი და ნაღები, იწვევს ცხიმოვანი ცვლის დარღვევას, რაც აზიანებს ღვიძლს და გარდატეხის პერიოდში კანზე გამონაყარს აჩენს. მერვე:სასურველია, ყოველდღიური მენიუ მრავალფეროვანი იყოს. მეცხრე:სასურველია, ყოველ ჯერზე ახალი საკვები მომზადება. მაცივარში შენახული, ხელმეორედ შემთბარი საკვები გემოსაც კარგავს და ხარისხსაც. მეათე: ჭამის შემდეგ უმჯობესია, 20-30 წუთით ბავშვის დასვენება. ყველაზე მთავარი:ბავშვის უმადობა ტრაგედია არ არის და დაძალება კარგს არაფერს მოუტანს მშობელს, პირიქით ამან შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიღოს

No comments:

Post a Comment